სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ პოსტპანდემიურ მოთხოვნებს, 459-მდე გაიზარდა
სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ პოსტპანდემიურ მოთხოვნებს, 459-მდე გაიზარდა

სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ პოსტპანდემიურ მოთხოვნებს, 459-მდე გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის სავალდებულო რეგულაციების შემოღება გახდა საჭირო, მათ შორის განთავსების ობიექტებისთვის.

მათივე ინფორმაციით, ახალი რეგულაციები სოციალური დისტანციის დაცვას, დეზინფექციას, ოთახების დალაგების ახალ წესებს და სხვა მოთხოვნებს მოიცავს.

„ყველა სასტუმრო, რომელსაც ოპერირების გაგრძელება სურს, ვალდებულია გაითვალისწინოს დამტკიცებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდეს, რის შედეგადაც შრომის ინსპექცია განახორციელებს შემოწმებას, რომლის დადებითი დასკვნის საფუძველზე განთავსების საშუალებები შეძლებენ საქმიანობის აღდგენას.

24 ივნისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1 675 სასტუმრო.

შემოწმება დაიგეგმა 1 331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა. 291-მა სასტუმრომ კი ვერ დააკმაყოფილა, 581-მა სასტუმრომ განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება.

ინსპექტირების გავლის შემდეგ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის განახლება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ხდება“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.