„ლეოგრანდის“ ადვოკატი - სასტუმროში მომხდარ ფაქტს ყველაზე ლოგიკური კვალიფიკაცია მიეცა
„ლეოგრანდის“ ადვოკატი - სასტუმროში მომხდარ ფაქტს ყველაზე ლოგიკური კვალიფიკაცია მიეცა

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელის განცხადების მორალური მხარის შეფასებისგან თავს შევიკავებ, – განაცხადა სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადვოკატმა, კახა წერეთელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, წამყვანის შეკითხვაზე – რამდენად მორალური იყო სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელის განცხადება, რომელიც როგორც ჩანს, პასუხისმგებლობას დაზარალებულებს აკისრებდა.

„ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი მისი, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებების და სასტუმროში არსებული ვითარების სამართლებრივი შეფასებაა“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც კახა წერეთელმა აღნიშნა, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარ ფაქტს ყველაზე ლოგიკური კვალიფიკაცია მიეცა.

„ამ ეტაპზე დანაშაულის რა ნიშნები იკვეთება, ეს დაცვის შესაფასებელი არ არის, მაგრამ კვალიფიკაცია, რომელიც სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარ ფაქტს მიეცა, ყველაზე ლოგიკური კვალიფიკაციაა“, – განაცხადა სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადვოკატმა.

როგორც მან აღნიშნა, სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელი დიდი ხანია საქართველოში იმყოფება და ხანძრის დროსაც სასტუმროში იყო.

„ის ხანძრის შემდეგაც არსად წასულა. გამოძიების ფარგლებში უშუალოდ მფლობელი ჯერ არ დაკითხულა, მაგრამ დაიკითხა მენეჯმენტის ნაწილი. დარჩენილი ნაწილი კი გამოძახებას ელოდება. ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის მოვალეობაა, გამოძიებას სასტუმროში არსებული ყველა ჩანაწერი და სრული დოკუმენტაცია მიაწოდონ, რასაც ასრულებენ კიდეც“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ისეთ შემთხვევებს გულისხმობს, რომლის შედეგადაც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა მოხდა.

დღეს გავრცელდა სასტუმრო „ლანგრანდის“ მეპატრონის განცხადება.

„ხანძრის მიზეზი შეიძლება იყოს სიგარეტი, ნამწვავი – ბუნებრივი მიზეზით ხანძარი არ გაჩნდებოდა. ხანძრის მომენტში მოქალაქეები კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს“, – განაცხადა სასტუმრო „ლანგრანდის“ მეპატრონემ.