სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის უფროსის მოადგილეს შეხვდა
სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის უფროსის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე ოპერაციების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სარდლის მოადგილეს, ვიცე-ადმირალ სკოტ ბუშმენს შეხვდა.

შეხვედრას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აშშ-ში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ზეზვა ლიპარტელიანი, აშშ-ის სანაპირო დაცვის სარდლის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ანნა კასტიგლიონ-კატალდო, აშშ-ის სანაპირო დაცვის სარდლობის საერთაშორისო ურთიერთობების დანაყოფის წარმომადგენელი შუიტ ჰაბტემაიკლი და საქართველოში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კარლ ვიტი დაესწრნენ.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას ვაშინგტონში, აშშ-ის სანაპირო დაცვის სარდლობაში უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ამერიკული ხომალდების საქართველოს ნავსადგურებში საპორტო ვიზიტებისა და ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიკოლოზ შარაძემ ამერიკულ მხარეს წარმატებული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

შსს-ს ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ქალაქ ნიუ ლონდონში, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის (USCG) 2021 კურსის გამოშვების ცერემონიალს დაესწრება. წელს, აშშ სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს შორის ორი ქართველი კადეტი – ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე არიან. ოთხწლიანი საბაკალავრო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი საქართველოში დაბრუნდებიან და სანაპირო დაცვის რიგებში იმსახურებენ.