სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ტუნისში მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ტუნისში გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში Phoenix Express 2026 მიიღეს მონაწილეობა.
სწავლება ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სარდლობის მიერ იყო ორგანიზებული.
სწავლების მიზანს საზღვაო უსაფრთხოების სფეროში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლისა და ოპერატიული კოორდინაციის გაძლიერება წარმოადგენდა.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლები სწავლებაში ინსტრუქტორების სტატუსით მონაწილეობდნენ და აბორდაჟისა და მრავალეროვნული სასწავლო ცენტრის მიმართულებებით იყვნენ ჩართულნი.
სწავლების საზღვაო კომპონენტი მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ძალებს შორის ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლას, საზღვაო სივრცის კონტროლს, საეჭვო გემების აღმოჩენასა და შემოწმებას, გემზე ასვლის, ჩხრეკისა და კონტროლის დამყარების პროცედურების განხორციელებას, ასევე, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს, ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფასა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დაცვის მიმართულებით წვრთნებს.
12-დღიანი სწავლება ტუნისის სამხედრო-საზღვაო ძალების მასპინძლობით ჩატარდა. მასში ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპის, თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.