სასამართლოსთან 12 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა 
სასამართლოსთან 12 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა 

დღეს მეც გიორგი ვაშაძე ვარ, – ამ ლოზუნგით თბლისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და გუშინდელი აქციის დროს დაკავებული კიდევ ხუთი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა უნდა გაიმართოს, აქცია-პერფორმანსი მოეწყო.

პერფორმანსის ორგანიზატორების განცხადებით, გიორგი ვაშაძის დაკავება უკანონოა და ის ზებრა გადასასვლელზე სიარულის გამო დააკავეს.

გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ პატიმრობა შეეფარდოს.

„ვერაფერს გვიზამენ იმიტომ, რომ კანონი არ დაგვირღვევია, მაქსიმუმ დაგვაპატიმრონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, შევდივარ ბრძოლაში. გვედავებიან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას, რასაც აქციაზე ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას“, – განაცხადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა „ლელოს“ წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ.

საქართველოს პარლამენტთან 12 დეკემბერს დაპირისპირებისას 16 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აქციის თექვსმეტივე მონაწილე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.