სასამართლოში საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობის საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის პროცესი იმართება
სასამართლოში საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობის საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გიორგი წარუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

„სამი ბიჭი მყავს, მათთვის მაგალითი ვარ. ქრისტიანული ადათებით ვარ გაზრდილი. მოვახდენდი რეაგირებას, რომ დავინახე, სამი-ოთხი კაცი დაბლა ეგდო, მე მათ აღარ დავარტყამდი. ამის შემდეგ გამოვერიდე. იქ არ ვყოფილვარ იმისთვის, რომ ვინმეზე ძალადობა გამომეყენებინა. აქედან გამომდინარე, გინდა ტრადიციებიდან გამომდინარე, ვერ დავანახებ ჩემ შვილებს, რომ ლგბტ კარგია. მე ვზრდი ჩემს შვილებს, როგორც ქრისტიანს“, – თქვა პროცესზე გიორგი წარუაშვილმა.

ბრალდების მხარე სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

„გიორგი წარუაშვილმა წაქცეულ ოპერატორს ჩაარტყა რამდენჯერმე წიხლი. საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი აქვს ბრალდების მხარეს. ამდენად, სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან არის მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, ჟურნალისტები იყვნენ, მან მიაყენა დაზიანება ილია თვალიაშვილს. ილია თვალიაშვილი დღესაც გადის მკურნალობას. თუ არ იქნება პროპორციული გამოყენებული ძალა, მან შეიძლება, გააგრძელოს დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

ამასთან, პროცესზე პროკურორმა დაცვის მხარის შუამდგომლობის საპასუხოდ განაცხადა, რომ გასათვალისწინებელია, როგორ განიცადეს მომხდარი ფაქტი ილია თვალიაშვილის ოჯახის წევრებმა.

„რატომ არ ვფიქრობთ, რა განიცადეს ილიას ოჯახმა, როდესაც ის ნახა ასეთ მდგომარეობაში. არ მოგვისმენია ილია თვალიაშვილის დედის პოზიცია, დღემდე ცუდად არის ეს ადამიანი. ოპერატორი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თვალი, რომელმაც თვალით უნდა იმუშაოს, ვერ ხედავს“, – აღნიშნა პროცესზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

პროკურატურამ გიორგი წარუაშვილს საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.

„საქართველოს პროკურატურამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ი.თ.-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე გ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გ.წ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ი.თ.-ს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა გიორგი წარუაშვილი 22 ივლისს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.