სასამართლოში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
სასამართლოში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სახელმწიფო ბრალდება სასამართლო პროცესზე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. საქმეზე ბრალდებულთა შორის სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ყოფილი უფროსი გია თვალავაძეა. თვალავაძის გარდა, საქმეზე ბრალდებული 20 პირია. ჯამში სასამართლო 21 ბრალდებულის საქმეზე მსჯელობს, რომლებიც გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

გია თვალავაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ბრალდების თანახმად, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ათეულობით აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტები უკანონოდ იყიდებოდა, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

გია თვალავაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ პირველ არხთან განმარტა, რომ შესავალი სიტყვის გარდა, დაცვის მხარე სასამართლოს რამდენიმე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარუდგენს, რითაც თვალავაძის უდანაშაულობა დამტკიცდება.

„დღევანდელ სხდომაზე წამოვთქვამთ შესავალ სიტყვებს. ჩვენ გვაქვს ახალი მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, სასამართლო მათ დასაშვებად ცნობს. ვერ დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. მოწმეები ვერ მიუთითებენ გია თვალავაძეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. ჩვენი მტკიცებულებებია გარკვეული დოკუმენტაცია რაც მოვიპოვეთ, მივმართეთ სამინისტროს, რომელმაც მნიშვნელოვან კითხვებზე გაგვცეს პასუხი“, – აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

პროკურორი მაია სილაგაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ საქმეშია არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, აუდიოჩანაწერები, რასაც საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში სასამართლოში გამოიკვლევენ.

„მოცემულ საქმეზე გია თვალავაძის ბრალეულობაზე ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი. მათ შორის არის მოწმეების ჩვენებები, ფარული აუდიოჩანაწერები. ამ მტკიცებულებებს უკვე შემდგომი სხდომიდან გამოვიკვლევთ“, – განაცხადა მაია სილაგაძემ.