სასამართლოში ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მცირეწლოვანი შვილი დაიკითხა
ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო, გაიარა ფსიქორეაბილიტაციის კურსი,- ამის შესახებ ფსიქოლოგმა ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის საქმის განხილვის შემდეგ განაცხადა,
თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს მისი მცირეწლოვანი შვილი დაიკითხა. სხდომაზე მხოლოდ უფროსი, შვიდი წლის შვილი იკითხებოდა, რომელმაც ჩვენება ფსიქოლოგის დახმარებით მისცა.
როგორც ფსიქოლოგმა ქეთი თავართქილაძემ განმარტა, გონებრივი განვითარების მიხედვით, სასამართლოსთვის ბავშვის მიერ მიცემული ჩვენება სრულყოფილად შეიძლება ჩაითვალოს. მისივე თქმით, მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმე იყო და ის ამ დრომდე აგრძელებს ფსიქოლოგებთან ურთიერთობას.
„ბავშვს შეუძლია გადასცეს და აღიქვას ინფორმაცია თანმიმდევრულად. მისი საუბარი შეიძლება სარწმუნოდ ჩაითვალოს. ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო, გაიარა ფსიქორეაბილიტაციის კურსი“,-განაცხადა მან.
სასამართლო პროცესზე დღეს მცირეწლოვანი ბავშვის გარდა, ორი ფსიქოლოგი და მოკლული გამრეკელაშილის დაც დაიკითხა.
თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.