სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ყოველდღიურად 10 000 დოლარის გადახდა მოუწევს, ვიდრე მოსამართლის მოთხოვნას არ დაემორჩილება
ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლოსადმი უპატივცემულობაში დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზაციის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში მას შემდეგ მიიღო, რომ ტრამპმა უარი განაცხადა დოკუმენტების წარდგენაზე . ამას გარდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს ყოველდღიურად ჯარიმის სახით 10 000 დოლარის გადახდა მოუწევს, ვიდრე ის მოსამართლის მოთხოვნას არ დაემორჩილება.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სასამართლოს საქმის დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადად 3 მარტი ჰქონდა განსაზღვრული, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების თხოვნით კი ეს ვადა 31 მარტამდე გახანგრძლივდა.
დაცვის მხარის განცხადებით, დონალდ ტრამპის სასამართლოსადმი უპატივცემულობის შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
სასამართლო საქმე ეხება ყოფილი პრეზიდენტის კომპანიის, Trump Organization-ის ფინანსურ საქმიანობას. კერძოდ, უკვე სამ წელზე მეტია, პროკურატურა იძიებს, ხომ არ მალავდა ტრამპის ოჯახის კომპანია თავისი უძრავი ქონების რეალურ ღირებულებას შეღავათიანი კრედიტებისა და საგადასახადო შეღავათების მისაღებად. თავად დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს.