სასამართლომ ზუგდიდში, ბავშვის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებული ცოლ-ქმარი დამნაშავედ ცნო
სასამართლომ ზუგდიდში, ბავშვის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებული ცოლ-ქმარი დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბავშვის მძევლად აყვანაში ბრალდებული ცოლ-ქმრის სასამართლო პროცესი დასრულდა.  სასამართლომ ბავშვის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებული ცოლ-ქმარი დამნაშავედ ცნო.

ვასილ ახალაიას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მის მეუღლეს, ემა კვირტიას კი ხუთი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

როგორც პირველ არხს ბრალდებულების ადვოკატმა, ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა, მოხდა წარდგენილი ბრალის აღიარება და გაფორმდა საპროცესო გარიგება.

ცოლ-ქმარს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და ისჯება ცხრიდან თოთხმეტ წლამდე პატიმრობით.

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ცოლ-ქმარი 28 მაისს დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს, ვისაც სავარაუდოდ მათი ფული მართებდა, შვილი წაართვეს და თანხის დაბრუნება მოსთხოვეს.

ბრალდებული ემა კვირტია მანამდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ ბავშვის ოჯახთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. სასამართლო პროცესი არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინების გამო დახურული იყო.