სასამართლომ შაქრო კალაშოვი რვა მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო
სასამართლომ შაქრო კალაშოვი რვა მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ შაქრო კალაშოვი რვა მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო.

პროკურატურა კალაშოვისთვის 10-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შაქრო კალაშოვსა და მის 13 თანამზრახველს მოსკოვში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისთვის დიდი რაოდენობით ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის ფიგურანტები ძალადობდნენ რესტორნის მფლობელზე და ისე სძალავდნენ ფულს.

ამასთან, კალაშოვი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. განაჩენში აღნიშნულია, რომ მან დაჯგუფების ლიდერის პოზიცია ასლან უსოიანის მკვლელობის შემდეგ დაიკავა.

კალაშოვი ცდილობდა თავის გავლენის გაზრდას, ნიშნავდა და ათავისუფლებდა დაქვემდებარებულ პირებს და აკონტროლებდა ე.წ. ობშიაკს – აღნიშნულია სასამართლოს განაჩენში.

სასამართლო დარბაზთან, სადაც კალაშოვი იმყოფება, მედიასაშუალებები იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, განაჩენის გამოცხადება სამ დღეს გაგრძელდება.