სასამართლომ საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა
სასამართლომ საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.

ამასთან, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ი.ჯ. გამართლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, ქ.თბილისში, ქ.თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ი.ჯ.-მ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ძალადობა განახორციელა მისი ბიუროს სპეციალისტის – თ.თ.-ს მიმართ.

ი.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ი.ჯ. ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება, მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ი.ჯ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.