სასამართლომ ნოდარ რუხაძე და გიორგი შოთაძე ​სამართალდამრღვევებად არ ცნო და ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა
სასამართლომ ნოდარ რუხაძე და გიორგი შოთაძე ​სამართალდამრღვევებად არ ცნო და ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა

31 დეკემბერს, გამთენიისას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაკავებული ორი პირი ნოდარ რუხაძე და გიორგი შოთაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად არ ცნო და მათ მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა.

იმავე დღეს დაკავებული კიდევ ერთი პირი რომან ფარულავა წვრილმან ხულიგნობაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

დაცვის მხარის განცხადებით, მოსამართლემ სამართალდამცველების მხრიდან წარმოდგენილ მტკიცებულებებში დაკავებულების ბრალეულობა ვერ დაინახა.

„რა მოტივებიც არ უნდა ედოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, ძალიან მისასალმებელია განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც სასამართლომ შეწყვიტა სამართალწარმოება დაკავებული პირების მიმართ. სხვა შესაძლებლობა არც არსებობდა არც პოლიციიის წარმოდგენილი მტკიცებულებებით და განსაკუთრებით ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. მსგავსი გაბედული ნაბიჯები სასამართლოს მხრიდან აჩვენებს, რომ რეალურად არსებობს რესურსი, მოსამართლეებმა სწორი ანალიზისა და სწორი მიდგომების საფუძველზე, გამოიტანონ სწორი, ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა.