სასამართლომ კომპანია Johnson & Johnson-ს კომპენსაციის სახით, 4.69 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა
სასამართლომ კომპანია  Johnson & Johnson-ს კომპენსაციის სახით, 4.69 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

მისურის შტატის სასამართლომ კომპანია Johnson & Johnson-ს კომპენსაციის სახით, 4.69 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნული თანხა 22 მოსარჩელე ქალზე ან მათ ოჯახზე განაწილდება, რომელთა მტკიცებითაც Johnson & Johnson-ის პროდუქციის, კერძოდ კი აზბესტის შემცველი საბავშვო პუდრის მოხმარების შედეგად, საკვერცხეების სიმსივნე განუვითარდათ.

22 მოსარჩელედან ექვსი უკვე გარდაცვლილია, კომპანიას ოჯახის წევრები უჩივიან.

სასამართლომ კომპანიას მოსარჩელეებისთვის მატერიალური ზიანის გამო, 550 მილიონი დოლარის, ხოლო მორალური ზიანისთვის 4.140 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. კომპანია სასამართლოს დადგენილებით უკმაყოფილოა და მის გასაჩივრებას გეგმავს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანიას აზბესტით დაბინძურებული Baby Powder-ის მოხმარებისგან დაზარალებული პირების მიმართ, კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. აპრილში ნიუ-ჯერსის სასამართლომ სტივენ ლანცო დაზარალებულად ცნო. მან კომპანია Johnson & Johnson-ს 117 მილიონ დოლარიანი სარჩელი მოუგო.

1972 წელს დაბადებული სტივენ ლანცო ირწმუნებოდა, რომ ჯონსონის პროდუქტის საბავშვო ტალკი აზბესტს შეიცავს. დაბადებიდან მისი გამოყენებით კი, მეზოთელიომა განუვითარდა. იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც აზბესტის მტვრის შესუნთქვა იწვევს. ლანცო ამტკიცებდა, რომ კომპანიამ ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან იცოდა, რომ ნედლეული მოპოვებისას აზბესტით ბინძურდება.

Johnson & Johnson -ის წინააღმდეგ 6 ათასამდე საქმე არსებობს, სადაც მოსარჩელეები ირწმუნებიან, რომ კომპანიის პროდუქცია საკვერცხეების სიმსივნეს იწვევს.

კომპანიაში ამბობენ, რომ მათ პროდუქტებში აზბესტის შემცველობა არასდროს დაფიქსირებულა. ადვოკატ პიტერ ბიქსის თქმით, 1970-იან წლებში კომპანიაში განიხილავდნენ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა განეცალკევებინათ აზბესტი ნედლეულისგან იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა დაბინძურება. თუმცა ასეთი შემთხვევა ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული პერმანენტული ტესტირებით არ გამოვლენილა.

კომპანია Johnson & Johnson-ის გაყიდვებმა მხოლოდ 2017 წელს 76.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აშშ-ის სიმსივნის კონტროლის საზოგადოების მონაცემებით, ყოველწლიურად მეზოთელიომით სამი ათასამდე ადამიანი ავადდება. საკვერცხეების კიბოს დიაგნოზი კი 22 ათასამდე ადამიანს უდგინდება.