სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 33 მილიონი გრივნას ოდენობის გირაო დააკისრა, დაავალა პასპორტის ჩაბარება, აუკრძალა ნებართვის გარეშე კიევის დატოვება
სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 33 მილიონი გრივნას ოდენობის გირაო დააკისრა, დაავალა პასპორტის ჩაბარება, აუკრძალა ნებართვის გარეშე კიევის დატოვება

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს 33 მილიონი გრივნას ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

სასამართლომ „ბატკივშჩინის“ ლიდერს დაავალა, ჩააბაროს პასპორტი, გამოცხადდეს სასამართლოში ან ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში გამოძახებისთანავე, არ დატოვოს კიევი და რეგიონი გამომძიებლების ან სასამართლოს ნებართვის გარეშე, არ დაუკავშირდეს პარლამენტის გარკვეულ წევრებს.

გარდა ამისა, თუ ტიმოშენკო გირაოს არ გადაიხდის ან ამ აღმკვეთი ღონისძიების პირობებს დაარღვევს, მის წინააღმდეგ, შესაძლოა, უფრო მკაცრი ზომები იქნეს გამოყენებული.

არჩეულ თანამდებობის პირებს შორის, რომლებთანაც ტიმოშენკომ კომუნიკაციისგან თავი უნდა შეიკავოს, არიან პოლიტიკური პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრი იგორ კოპიტინი და დამოუკიდებელი დეპუტატი დმიტრო რაზუმკოვი.

ვიდრე მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათათბირო ოთახში გავიდოდა, ტიმოშენკომ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. კერძოდ, „ბატკივშჩინის“ ლიდერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დეპუტატ კოპიტინთან მისი საუბრის აუდიოჩანაწერი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იყო მომზადებული.

„სწორედ ამიტომ გვითხრეს უარი დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე“, – განაცხადა ტიმოშენკომ.

სასამართლო სხდომაზე მან ასევე განაცხადა, რომ კოპიტინისთვის თანხები არ გადაურიცხავს. ამავდროულად, „ბატკივშჩინის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ამ პრევენციულ ღონისძიებას უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს სააპელაციო პალატაში გაასაჩივრებს.

„ჩვენ გავასაჩივრებთ და დავამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობაა არჩევნების წინ“, – აღნიშნა ტიმოშენკომ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშჩინის“ ხელმძღვანელის, იულია ტიმოშენკოს ოფისში რამდენიმე დღის წინ ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც ცნობილია, ჩხრეკა უკავშირდებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა.