სასამართლომ ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული ბიზნესმენი პატიმრობიდან გაათავისუფლა
სასამართლომ ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული ბიზნესმენი პატიმრობიდან გაათავისუფლა

უკრაინულმა სასამართლომ ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული ბიზნესმენი ბორის გერმანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ კიევის ოლქის პროკურატურის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გერმანის საჩივარი და ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა მსჯავრდებულის გათავისუფლების წინააღმდეგი იყო. საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ ამბობენ, გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

2018 წლის მაისში უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კიევში მცხოვრები რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ ბაბჩენკო ცოცხალია, მკვლელობა კი უკრაინული სპეცსამსახურების მიერ დადგმული სპეცოპერაცია იყო, რათა ჟურნალისტის მკვლელობის დამკვეთები გამოევლინათ. მკვლელობის ორგანიზატორად პროკურატურამ ბორის გერმანი დაასახელა, რომელსაც სასამართლომ 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი საქმის დოკუმენტები და განაჩენი გასაიდუმლოებულია. 2018 წლის ბოლოს ბორის გერმანმა მისი გათავისუფლება ითხოვა, მიზეზად კი მძიმე ავადმყოფობა დაასახელა.