სასამართლომ დაკავებულ ზუგდიდელ მძღოლებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა
სასამართლომ დაკავებულ ზუგდიდელ მძღოლებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში  მოსამართლე ნატრული აკობიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 5 მაისის ინციდენტში მონაწილე მძღოლებს, კალისტრატე ეხვაიას, ალექსი ძერიას, ბაჩუკი მიქავას და საშა ქირიას აღკვეთის ღონისძიებად 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

გირაოს გადახდის ვადა 20 დღეა, ბრალდებულები თანხის გადახდამდე პენიტენციალურ სისტემაში დარჩებიან.

პროკურატურამ დაკავებულ მძღოლებს ორი მუხლით წაუყენა ბრალი , 239- ე მუხლის მეორე ნაწილი ( ჯგუფური ხულიგნობა) და 150 -ე მუხლის მეორე ნაწილი ( იძულება). მეხუთე ბრალდებულს, გია ახალაიას პროკურატურა მხოლოდ 159-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს. სასამართლომ  მას 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ, თუმცა როგორც ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ.

ზუგდიდის საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების ხუთი მძღოლი 5 მაისს გამთენიისას დააკავეს. საქმე ეხება ავტოსადგურ ” დაკა- ჯორჯიას” თანამშრომლებთან მომხდარ ინციდენტს. მძღოლები რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები და საპროტესტო აქციებზე ხელისუფლებას თხოვდნენ, აიკრძალოს არალიცენზირებული ავტოსადგურების ფუნქციონირება.