სასამართლომ აუდიტის სამსახურის მიერ გადაგზავნილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილი არ დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გადაგზავნილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილი არ დააჯარიმა.
საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში მოძრაობის „არა ნაციზმს“ და მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ აქტივობებზე, რომელიც, აუდიტის სამსახურის შეფასებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ უკანონო შემოწირულობის ნიშნებს შეიცავდა.
საქმის განხილვა რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და საბოლოოდ, სასამართლომ აუდიტის სამსახურის არგუმენტები არ გაითვალისწინა. საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ინფორმაცია სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას, აკრძალული შემოწირულობის გამო (ფეისბუქრეკლამა) პარტია „ქართული ოცნება“ 67 693 ლარით დაჯარიმდა. ამ საქმეზე აუდიტის სამსახური მმართველი პარტიის 199 170 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ევროპული საქართველოს“ მიმართ აკრძალული შემოწირულობის გამო, 20 ათასი ლარით დაჯარიმდა მოქალაქე ნათია მილდიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ შემოწირულობის გამო, 60 ათასი ლარით კი, შპს „ავტოჰაუსი – რუსთავი 2011“.
სხვადასხვა დარღვევისთვის წელს ასევე დაჯარიმდნენ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“.