სასამართლო ტურისტებისგან თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებული, კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელისა და ამავე ბარის მიმტანის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს
სასამართლო ტურისტებისგან თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებული, კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელისა და ამავე ბარის მიმტანის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელისა და ამავე ბარის მიმტანის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მათ ბრალი თანხების თაღლითური გზით დაუფლებისთვის და ქურდობის ბრალდებით აქვთ წარდგენილი.

გამოძიების ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული კლუბის მფლობელის დავალებით, მომსახურე პერსონალი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსხვავებულ მენიუს და გაზრდილ ტარიფებს აწესებდა. შედეგად კი, ისინი არარეალურად მაღალ გადასახადს იხდიდნენ. გამოძიების ცნობითვე, ფიქსირდება ეპიზოდი, როდესაც ალკოჰოლური თრობის შემდეგ ჩინელმა ტურისტმა გონება დაკარგა და მისი ანგარიშიდან ამ ბარის ანგარიშზე 15 000 ლარი გადაირიცხა.

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

„ბრალდება იდენტურია ორივესთან მიმართებით, ლევან მიქალაძემ და არტუშ სარქისიანმა განიზრახეს მოტყუებით დაუფლებოდნენ ტურისტების თანხებს. მათ სამსახურში არაფორმალურად აიყვანეს ე.წ. პრომო გოგონები. მათთან შეთანხმდნენ, რომ ისინი სოციალური ქსელიდან უკავშირდებოდნენ ტურისტებს და უთანხმდებოდნენ „სკარპაში“ შეხვედრაზე. ბრალდებულებისგან მათ დავალებული ჰქონდათ, რომ ტურისტების ხარჯზე რაც შეიძლება ბევრი საკვები და სასმელი შეეკვეთათ, ასევე ძვირადღირებული. რეალურად კი, აწვდიდნენ დაბალი ფასის პროდუქტს. ისინი მომხმარებლისგან არარეალურად დიდ გადასახადს ითხოვდნენ. როცა უარს აცხადებდა მომხმარებელი ამ თანხის გადახდაზე, საქმეში ერთვებოდა კლუბის დაცვა. ინდოეთის მოქალაქეს ერთ მოჰიტოსა და სალათზე 6 000 ლარის გადახდას აიძულებდნენ. ანანასის წვენში ტურისტს 260 ლარი გადაახდევინეს“, – განაცხადა პროკურორმა, თეა გიორგაძემ.

ამასთან, კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელის ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე აცხადებს, რომ ბრალდებული აცნობიერებს მომხდარს და მზად არის, ტურისტებს ზიანი აუნაზღაუროს.

ადვოკატის თქმით, ჯამში ზარალი დაახლოებით 50 000 ლარს შეადგენს.

„აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები გარკვეული პერიოდით ადრე დაიწყო. ის, რომ საზღვარი გადაკვეთა და მერე დაბრუნდა, არ შეიძლება, მიჩნეული იყოს საფრთხედ. მას შესაძლებელია, ჩამოერთვას პასპორტი და შეეზღუდოს გადაადგილება საზღვარგარეთ. პიროვნება არაა წარსულში ნასამართლები და ის მზაობას გამოხატავს ზიანის ანაზღაურებაზე. ჩინეთის მოქალაქეს შანხაიში ვესაუბრე და მისი ტექსტი იყო – საერთაშორისო გადარიცხვით დამიბრუნებთ ამ ფულსო? ჩემი შეთავაზება იყო, რომ მის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი მოსულიყო იქ ადგილზე და ანაზღაურებას მოვახდენდი.

ბრალდებულს ჰყავს დედა, მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი. ის, რომ ამ პიროვნებას ჰქონდეს სურვილი დატოვოს ქვეყანას, ასე არ არის. მესმის სახელმწიფო მიდგომა და არაერთხელ ყოფილა საუბარი, თითქოს ტურისტებს მეტს ახდევინებენ, ვფიქრობ, საკითხი რომ ეს საჯარო გახდა, უკვე თავისთავად მოიცავს პრევენციას სხვებისთვის. პიროვნება აცნობიერებს მის ობიექტზე მომხდარ საკითხს, გამოხატავს კეთილ ნებას, აუნაზღაუროს ზიანი ტურისტებს და მოიპოვოს კეთილგანწყობა“, – აცხადებს ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.