სასამართლო „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის“ ყადაღის მოხსნაზე იმსჯელებს
სასამართლო „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის“ ყადაღის მოხსნაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის“ ყადაღის მოხსნის საკითხზე იმსჯელებს.

უნივერსიტეტის ადვოკატის, მარიამ ჩიქოვანის განცხადებით, დაცვის მხარე უნივერსიტეტის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვს.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოიგებს საგადასახადო დავას, უნივერსიტეტი თუ შემოსავლების სამსახური, სახელმწიფო ბიუჯეტი არც ერთ შემთხვევაში არ დაზარალდება.

2017 წელს, შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა დაედო. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭომ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა, მიზეზად კი სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანება და ქონებაზე ყადაღის არსებობა დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტმა სადავო თანხა წინსწრებით გადაიხადა, საბჭოს გადაწყვეტილება მაინც არ შეუცვლია.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.