სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში გიორგი ლეონიძისა და სულხან საბას ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში, გიორგი ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე 18 აპრილიდან საავტომობილო მოძრაობა ორ ეტაპად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე 10 დღის განმავლობაში გადაადგილება შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, სულხან-საბას ქუჩის კვეთასთან.
„ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ლეონიძის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის, გ. ლორთქიფანიძის და გ. ქიქოძის ქუჩების გამოყენებით. ინგოროყვას ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქიქოძიდან გიორგი ლეონიძის ქუჩის გავლით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მერიის ცნობითვე, მეორე ეტაპზე საგზაო მოძრაობა 30 დღით შეიზღუდება ლეონიძის ქუჩასთან დამაკავშირებელ სულხან-საბას ქუჩაზე.
„ავტომობილები გადაადგილებას პავლე ინგოროყვას ქუჩის გამოყენებით შეძლებენ. სამუშაოების წარმოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის (N316, 324, 364, 380, 382, 383, 390 და 408 მარშრუტები) მოძრაობა გიორგი ლეონიძის ქუჩიდან პაოლო იაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება ივანე მაჩაბლის, მიხეილ ლერმონტოვისა და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი მარშრუტებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები 17 აპრილიდან დაიწყება.