სარდალაშვილის პირველი გამარჯვება პორტუგალიის გრან პრიზე - აქუბარდია და თუთაშვილი ტურნირს გამოეთიშნენ [ვიდეო] #1TVSPORT

2023 წლის პირველმა ტურნირმა, პორტუგალიის გრან პრიმ დღეს აიღო სტარტი. საქართველოს ნაკრებიდან შეჯიბრზე სამმა სპორტსმენმა იჭიდავა, რომელთაგანაც წარმატებულად მხოლოდ ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილი გამოვიდა.

60 კგ წონით კატეგორიაში 19 წლის ქართველმა ტურნირზე პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე კი ნიდერლანდელ ემიელ იარგინს სძლია და გრან პრის მერვედფინალში გავიდა.

66 კგ-ში მოასპარეზე ორივე ქართველი – გიორგი თუთაშვილი და ნაკრების დებიუტანტი, 2022 წლის საქართველოს ჩემპიონი იპოლიტე აქუბარდია პირველივე დაპირისპირებებში უზბეკ ძოუდოისტებთან დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 21:00-ზე გაიმართება.