სარაგბო ლეგიონი | სამი ქართული ლელო საფრანგეთის ტოპ-14-ში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ-14-ის მე-5 ტურში სამმა ქართველმა ლეგიონერმა ლელო გაიტანა. მათგან ორის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, ერთი კი ამ ლელოს წყალობით ნუგეშ-ქულას გამორჩა.
„ბრივმა“ მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება „ბეიონთან“ იზეიმა – 25:22. მასპინძელთა შემადგენლობაში პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ. პირველი ტაიმის მიწურულს მან მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ბურთი აიტაცა და ლელომდე 40 მეტრი ირბინა. „ბრივმა“ მისი წყალობით ტაიმი 18:3 მოიგო. გამარჯვებულთა შორის პირველი ტაიმი ითამაშა ვანო კარკაძემ. სტუმართა ძირითადში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს კოტე მიქაუტაძე.
„ტულონმა“ სტუმრად „პოს“ საწყის 30 წუთში 4 ლელო გაუტანა და 31:10 დაწინაურდა, საბოლოოდ კი 34:17 მოიგო. მესამე ლელო ბექა გიგაშვილის ანგარიშზეა. მან 51-ე წუთამდე ითამაშა, მე-18-ზე მოლს მოწყდა და ბურთი მარცხენა ალამთან დაამიწა. მასპინძელთა ძირითადში იყვნენ ბექა გორგაძე (50-ე წუთზე შეცვალეს) და გურამ პაპიძე (51).
„სტად ფრანსემ“ გიორგი მელიქიძის მიერ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი ბორდოში ნუგეშ-ქულა მოიპოვა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთით შევიდა, ბოლო წუთზე კარის წინ რაქიდან შეუტია და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 10:15. პარიზელთა პირველ გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა 18 წლის ბურჯმა სერგი აბრამიშვილმა. ის შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა. „ბორდოს“ განაცხადში იყო და ასევე 66-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.
„კლერმონმა“ „ლიონს“ უმასპინძლა და ბონუსით, 43:20 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 71-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ძმანაშვილმა. სტუმართა რიგებში 51-ე წუთზე გამოჩნდა ბექა საღინაძე.
„პერპინიანმა“, რომლის შემადგენლობაში 48-ე წუთიდან გიორგი თეთრაშვილმა ითამაშა, „კასტრი“ 14:10 დაამარცხა.
„ლა როშელთან“ სტუმრად 19:24 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას დასჯერდა „რასინგ 92“, რომლის შემადგენლობაში 51-ე წუთზე ორი ქართველი ბურჯი – გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი გამოჩნდნენ.
ლიდერ „ტულუზთან“ საკუთარ მოედანზე 17:19 დამარცხდა „მონპელიე“. მასპინძელთა შორის 61-ე წუთიდან ითამაშა გელა აფრასიძემ.
rugby.ge