სარაგბო ლეგიონი | ქართველების ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში - თავი აბდალაძემ, შველიძემ და შვანგირაძემ გამოიჩინეს [ვიდეო] #1TVSPORT

გაიმართა საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მორიგი ტურის მატჩები, რომელშიც ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს მონაწილეობა და თავი ლელოებით გამოიჩინეს.

წარმატებული მატჩი ჩაატარეს „ბრივში“ გიორგი შველიძემ და ვახტანგ აბდალაძემ. „ბრივმა“  საკუთარ მოედანზე „გრენობოლი“ დაამარცხა. მასპინძელთაგან ძირითად შემდგენლობაში იყო აბდალაძე, შველიძე კი მარქაფიდან უკვე მე-7 წუთზე ჩაერთო შეხვედრაში.

ქართველმა მორაგბეებმა ორივე შემთხვევაში მაშინ მოახერხეს ლელოს დადება, როდესაც მათი გუნდი თამაშს აგებდა – ჯერ შველიძემ დააწინაურა „ბრივი“ (17:13), შემდეგ კი აბდალაძემ კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ (22:19). მისი ლელოს შემდეგ მასპინძლებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და საბოლოოდ 38:26 მოიგეს.

„ორიაკმა“ „აჟენი“ 24:10 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი ბექა შვანგირაძემ შეიტანა, რომელმაც 39-ე წუთზე ლელო დადო და „ორიაკი“ 14:3 დააწინაურა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში გიორგი ქართველიშვილმა, ბექა შვანგირაძემ და დაჩი პაპუნაშვილმა, მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ ბასა ხონელიძე და მიხეილ ალანია. ქართველიშვილი 76-ე წუთზე შეცვალეს, შვანგირაძემ და პაპუნაშვილმა კი სრულად ითამაშეს.

რაც შეეხება საფრანგეთის მეორე დივიზიონში მოთამაშე სხვა ქართველებს:

„ბიარიცი“-„ნევერი“ 17:16 – მასპინძელთა შემადგენლობაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 49 წუთი ითამაშა გიორგი ნუცუბიძემ, ლაშა ტაბიძე კი 66-ე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში.

„ნევერში“ ძირითადში იყო ილია კაიკაციშვილი და 59-ე წუთზე შეცვალეს, თორნიკე მატარაძე კი 27-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

„ბეზიე“ – „კოლომიე“ 26:22 – „ბეზიეში“ გიორგი ახალაძემ 55-ე წუთიდან ითამაშა.

„ანგულემი“ – „მონ დე მარსანი“ 18:28 – მასპინძელთა რიგებში ომარ ოდიშვილმა ძირითადში დაიწყო თამაში და 45-ე წუთზე შეცვალეს.

„მონტობანი“ – „პროვანსი“ 25:10 – „მონტობანში“ ოთარ გიორგაძე 56-ე წუთზე შეცვალეს, მირიან ბურდული 53-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

„ვალანსი“ – „რუანი“ 34:7 – მასპინძელთა შორის იოანე იაშაღაშვილმა სრულად ითამაშა, „რუანში“ კი სოსო ბეკოშვილი მეორე ტაიმიდან ჩაერთო შეხვედრაში.