სარაგბო ლეგიონი | ფრანგულ ლიგაში ცხრა ქართველმა ითამაშა #1TVSPORT
სარაგბო ლეგიონი | ფრანგულ ლიგაში ცხრა ქართველმა ითამაშა #1TVSPORT

საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის, პრო დე 2-ის 2021/2022 წლების სეზონის პირველ ტურში, 15 კლუბში გადანაწილებული 48 ქართველი ლეგიონერიდან ცხრამ ითამაშა.

გახსნით მატჩში კოტე მიქაუტაძემ „ბაიონის“ „აჟენთან“ გამარჯვებაში 30-წუთიანი წვლილი შეიტანა.

კიდევ ერთ ცენტრალურ შეხვედრაში „ოიონა“ „გრენობლს“ ეწვია და 22:14 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ საათის თავზე სტუმრები 19:0 იგებდნენ და ორი ლელო დასკვნით მეოთხედშიღა გაუშვეს. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა ბექა კაკაბაძემ. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურაბ ჟვანია, რომელსაც „გრენობლის“ რიგებში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა. 48-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ლუკა გოგინავა გამოჩნდა, რომელმაც „გრენობლის“ რიგებში ასევე პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

„ორიაკი“ „ბეზიეს“ ეწვია და მატჩის მიწურულს გატანილი ლელო-გარდასახვით ბონუს-ქულას გამორჩა – 19:22. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ორი ჩვენებური იყო. გიორგი ცუცქირიძემ მოედანზე 64, ხოლო გიორგი ქართველიშვილმა 54 წუთი გაატარა.

პრო დე 2-ში დაბრუნებული „ბურგ-ან-ბრესი“ „მონტობანს“ დაუხვდა, 20:24 დამარცხდა და ბონუს-ქულას დასჯერდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ვაჟა კაპანაძე, რომელიც 37-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა მე-60-ზე მოედანზე დაბრუნდა და საფინალო სასტვენამდე ითამაშა.

კარკასონმა“ „რუანს“ უმასპინძლა და რომ არა მატჩის მიწურულს გაშვებული ლელო, ბონუსით მოიგებდა, ასე კი 4 ქულას დასჯერდა – 30:14. მასპინძელთა შორის დებიუტი ჰქონდა იოანე იაშაღაშვილს, რომელიც ახალ გუნდს „ბაიონიდან“ შეუერთდა და შეცვლაზე 74-ე წუთზე შევიდა. ელიტური დებიუტი ჰქონდა ბურჯ ხვიჩა ცოფურიშვილს, რომელიც „რუანში“ „სტად ფრანსეს“ ესპუარებიდან გადავიდა. ის შეცვლაზე 36-ე წუთზე შევიდა და 66-ზე თავად შეცვალეს.

Rugby.ge