სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ბათუმის „დინამოს“ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ბათუმის „დინამოს“ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც მხარი დაუჭირა საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ და მის მეპატრონე არჩილ ბერიძეს.

„სარაგბო კლუბ „ბათუმის“ სახელით, ვეხმაურებით ჩვენი ქალაქის სპორტულ დღის წესრიგში დამდგარ, ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას. ბათუმი ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსის მატარებელია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი წოდება, თავდაუზოგავი შრომის, ღირსეული სპორტული გარემოებებისა და მაღალი ინფრასტრუქტურის მეშვეობით მოვიპოვეთ. დღეს, ჩვენი საყვარელი საფეხბურთო კლუბი, მშობლიური ბათუმის „დინამო“ ქვეყნის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში დამსახურებული ჩემპიონობისთვის იბრძვის! ჩვენთვის, მორაგბეებისთვის, ამ შემთხვევაში როგორც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქართული სპორტის ყველა სახეობა იყოს ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი, მაღალი სპორტული პროფესიონალიზმითა და დღის წესრიგით გაჯერებული. უკანასკნელი გასვლითი შეხვედრა, რომელიც ბათუმის „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ გამართა, მსაჯთა ბრიგადის მიერ, მოკლებული იყო ყოველგვარ ზემოთ ჩამოთვლილ, აუცილებელ გარემოებებს და ჩვენი ქალაქის კლუბის მიმართ, მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საჩემპიონო ბრძოლაში, კლუბისგან დამოუკიდებელი, არასპორტული და არაკეთილსინდისიერი მიზეზებით ხელშეშლა პირდაპირ იკვეთებოდა. აღნიშნული გარემოება კი, ცალსახად იწვევს კლუბისა და ბათუმის „დინამოს“ მრავალრიცხოვან გულშემატკივართა ლეგიტიმურ აღშფოთებას, რაც უარყოფითად აისახება, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატზე. ჩვენ ვგმობთ მსგავსი ტიპის, არასპორტულ ქმედებებს და აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებთ, საჩემპიონო ბრძოლაში ბათუმის „დინამოს“! გამოვთქვამთ იმედს, რომ მსგავსი ტიპის მოქმედებები, დროულად იქნება აღკვეთილი, შესაბამისი, კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ“, – წერია სარაგბო კლუბ „ბათუმის“ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი