საქსტატის კვლევით, გამოკითხულთა 66 პროცენტი სტატისტიკურ ინფორმაციას არ იყენებს

11:20, 24.01.2020

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკვლევა ჩაატარა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სამსახურის მიერ ინფორმაციის წარმოებისა და გავრცელების საკითხებზე მომხმარებელთა განწყობების შესწავლა, საქსტატის მუშაობის ხარისხის შეფასება და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესება.

სამსახურის ინფორმაციით, გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლებთან კომუნიკაციაში საქსტატის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოების თვალსაზრისით, სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 34 პროცენტი იყენებს სტატისტიკურ ინფორმაციას. შესაბამისად, ანალიზისთვის ძირითადად გამოყენებული იყო აღნიშნული კატეგორიის მომხმარებელთა პასუხები. გამოკითხული რესპონდენტების 66 პროცენტი არ იყენებს სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელთა უმრავლესობას (89 პროცენტს) არ ჰქონდა მონაცემთა გამოყენების საჭიროება, 5 პროცენტი იყენებდა ალტერნატიულ წყაროებს, 4 პროცენტს ამ დრომდე არ ჰქონდა ინფორმაცია საქსტატის ვებგვერდის შესახებ, ხოლო დარჩენილმა ნაწილმა (2 პროცენტი) მიზეზად დაასახელა საქსტატის ვებგვერდზე ინფორმაციის მოძიების სირთულე.

საქსტატის ინფორმაციით, გამოკვლევა განხორციელდა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, გაერო-ს და მსოფლიო ბანკის მიერ შეთავაზებული მეთოდოლოგიების შესაბამისად. გამოკვლევა ჩატარდა 2019 წლის ოქტომბერში და ყველა ინსტიტუციური სექტორი მოიცვა. გამოკითხვას ექვემდებარებოდა 15 წლის და უფროსი ასაკის 5200-მდე რესპონდენტი, ხოლო გამოუპასუხებლობის მაჩვენებელმა 17 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი