საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი 54.5 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი 54.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 760.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 51.7 პროცენტით გაიზარდა და 555.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებიან ჩინეთი – 90.0 მლნ. აშშ დოლარით, ბულგარეთი – 83.7 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 80.2 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 156.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 100.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 58.2 მლნ. აშშ დოლარით.