საქსტატი - საქართველოს მოსახლეობა 0.2 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - საქართველოს მოსახლეობა 0.2 პროცენტით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723 500 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია. უწყების მონაცემებით, 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783).

2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.3 პროცენტზე დაფიქსირდა, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9 პროცენტზე, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის წილი 14.8 პროცენტს წარმოადგენდა.

ამასთან, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია და 1 790.9 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობა შემცირდა 0.3 პროცენტით და 1 932.6 ათასით განისაზღვრა. საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ 98 935 ადამიანი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 13 484 ადამიანით მეტია. მთლიანი რაოდენობიდან 76 367 იყო საქართველოს მოქალაქე. საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 14 222  ემიგრანტი 25-29 წლის ასაკისაა. რაც შეეხება სქესის მიხედვით მიგრაციას, 2018 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 56 116 მამაკაცი, ხოლო 42 819 ქალი იყო წასული.