საქსტატი - იანვარ-მარტში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 1.7 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 778.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 69.3 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით შემცირდა და 539.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 79.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 97.1 მლნ აშშ დოლარით, ბულგარეთი – 83.1 მლნ აშშ დოლარით და რუსეთი – 82.6 მლნ აშშ დოლარით.
ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს, 159.0 მლნ აშშ დოლარით, სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 58.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინის სახეობები 44.1 მლნ აშშ დოლარით.