საქსტატი - ეკონომიკურმა ზრდამ ივნისში 5 პროცენტი შეადგინა
საქსტატი - ეკონომიკურმა ზრდამ ივნისში 5 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ივნისში 5 პროცენტი იყო. ამასთან, 2019 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე საშუალო ზრდა 4,9 პროცენტი იყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განაცხადებით, გარდა საფინანსო სფეროსი, ზრდა შეინიშნებოდა ყველა სექტორში, განსაკუთრებით მრეწველობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში.

გოგიტა თოდრაძის თქმით, რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ, ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში, რაც სამშენებლო საქმიანობის გააქტიურებას უკავშირდება.

საქსტატის მონაცემებით, ვაჭრობის სფეროში ზრდაზე დადებითად იმოქმედა ტურისტების მატებამ – წინა წელთან შედარებით, საქართველოში 472 000 მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 18%-ით აღემატება.

მათივე ინფორმაციით, საქონლის ექსპორტის 2019 წლის იანვარი-თებერვლის მაჩვენებლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,5 %-ით არის გაზრდილი.

საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ შეფასებას, რომლებიც უწყებრივი სტატისტიკის საფუძველზე იანგარიშება.