საქსტატი დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკურ მაჩვენებლებს ახალი მეთოდოლოგიით დაიანგარიშებს
საქსტატი დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკურ მაჩვენებლებს ახალი მეთოდოლოგიით დაიანგარიშებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამუშაო ძალის სტატისტიკაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ სტანდარტებზე გადადის, რაც გულისხმობს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის მაჩვენებლების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად გაანგარიშებას.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე მოქმედი დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელო, რომელიც მიღებულია 1982 წელს, შრომის სტატისტიკოსთა მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე.

„ახალი სტანდარტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ იქნა 2013 წელს, რომელიც ოფიციალურად ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში, შრომის სტატისტიკოსთა მე-20 საერთაშორისო კონფერენციაზე. საქართველოში ახალი სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები საქსტატის მიერ აქტიურად მიმდინარეობს 2019 წლიდან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დანიის სტატისტიკის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირისა და ევროსტატის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში“, – აცხადებენ საქსტატში.

მათივე ცნობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას და სამუშაო ძალის დამატებითი ინდიკატორების გაანგარიშებას. კერძოდ, ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50 პროცენტზე მეტი) საკუთარი მოხმარებისთვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად.

„როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, ახალი სტანდარტების დანერგვა განაპირობებს უმუშევრობის დონის ზრდასა და დასაქმების დონის მაჩვენებლის შემცირებას. ამასთან, წინა პერიოდის მაჩვენებლებთან ჰარმონიზების მიზნით, უნდა განხორციელდეს წინა ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება.

ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკის მაჩვენებლები საქსტატის მიერ მიმდინარე წლის 28 დეკემბერს გამოქვეყნდება. იმავდროულად დაგეგმილია წინა ისტორიული მწკრივის განახლება 2010 წლიდან“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.