საქსტატი - აჭარაში ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებელი თბილისზე მაღალია
საქსტატი - აჭარაში ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებელი თბილისზე მაღალია

საქსტატის მონაცემებით, ინტერნეტით საქართველოს შინამეურნეობების 79.3 პროცენტია უზრუნველყოფილი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.5 პროცენტული პუნქტით აღემატება.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2019 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 5.1 პროცენტული პუნქტით და 69.9 პროცენტს მიაღწია.

აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარაშია – 89.8 პროცენტი, მეორე ადგილზე თბილისია  – 88.4 პროცენტი.

შედარებით დაბალია ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებელი შიდა ქართლში – 74.9 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 74 პროცენტი, იმერეთი 73 პროცენტი და კახეთში – 65.3 პროცენტი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა ექვსი წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 70.6-მა პროცენტმა, რაც 6.7 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 78.8 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 58.6 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 69.2 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 72.2 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 96.2 პროცენტს შეადგენს.