საქსტატი – 2025 წელს საქართველოში კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე 282 მლნ ლარი დაიხარჯა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 69 დაწესებულება, რომელთა მიერ კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა 282.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 2.2 პროცენტით გაიზარდა და 16 552 შეადგინა, რომელთაგან 14 390 მკვლევარია. მკვლევარების 55.1 პროცენტი ქალია, ხოლო 44.9 პროცენტი – კაცი. მკვლევართა 67.5 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 29.8 პროცენტი – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.7 პროცენტი – ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.
რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.9%), ხოლო კაცების შემთხვევაში – 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (24.4%).
ამასთან, უწყების ანგარიშით, მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 250 კაცს შეადგენს (22.6%), ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული (3.3%).