საქსტატი - 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0,5 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0,5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის II კვარტალში 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 0.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი გაერთიანებული სამეფოა – 24.8 პროცენტით, მეორე ადგილზეა ნიდერლანდი – 22.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი – 13.3 პროცენტით.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას ეკონომიკის სექტორების მიხედვით, 2020 წლის II კვარტალში, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 57.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 78.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 29.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – მშენებლობის სექტორი 27.7 მლნ. აშშ დოლარით.