საქსტატი - 2020 წელს საქართველოში სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 66.5 პროცენტით ნაკლებს სტუმარს მოემსახურნენ
საქსტატი - 2020 წელს საქართველოში სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 66.5 პროცენტით ნაკლებს სტუმარს მოემსახურნენ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 010 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 054 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას.

აღნიშნული მაჩვენებელი 37.3 პროცენტით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისთვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2020 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 57.2 პროცენტს.

საქსტატის ცნობით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.2 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.8 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში. 2020 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1 826.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 19.6 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან იჯარით გაცემული იყო 53.4 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 833.8 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 19.5 პროცენტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. 2020 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 57.9 ათასი შეადგინა, რაც 24.1 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა შემცირდა 23.4 პროცენტით და 26.9 ათასი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1 344.7 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 66.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 30.6 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 16.0 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 87.6 პროცენტით ნაკლებია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი უკრაინისა და ისრაელის მოქალაქეებს ეკავათ.

„2020 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (66.2 პროცენტი). სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობა რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის მოქალაქეს წარმოადგენდა. 2020 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 13 615 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (54.8 პროცენტი) ქალები წარმოადგენდნენ“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.