საქსტატი - 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2.3 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2.3 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა 2.3 პროცენტით და შეადგინა 11 856.8 მილიონი კილოვატ/საათი.

საქსტატის ცნობით, ელექტროენერგიის წარმოების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო (მშრალი) კლიმატური პირობებით და შემცირებული წყალმოდინებით.

2019 წლის განმავლობაში მოპოვებულია 35.1 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2018 წელთან შედარებით 16.2 პროცენტით მეტი), 15.3 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 9-ჯერ ნაკლები) და 9.6 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 3.9 პროცენტით ნაკლები).

უწყების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში წარმოებულია 1 295.0 ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით ნაკლები). უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს წარმოებულია 0.3 ათასი ტონა ბიოდიზელი.

2019 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ შეადგინა, 12 059.3 მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგია (რაც 1.0 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს).

ამასთან, 2019 წლის მონაცემებით ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 695.4 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 13.9 პროცენტით მეტი), მოთხოვნის ზრდა ძირითადად შეეხო თბოსადგურებს, საყოფაცხოვრებო სექტორს და ცალკეულ დარგებს. წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ შეადგინა 1 942.0 მილიონი მ3, (წინა წელთან შედარებით 9.2 პროცენტით მეტი).

2018 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში (15.5 პროცენტით მეტი). მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა აგრეთვე შემდეგ დარგებში: ქიმიური მრეწველობა, მშენებლობა, კერძო და სახელმწიფო მომსახურება და სოფლის მეურნეობა.

საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია, რაც განპირობებულია გარკვეულწილად ფასის ზრდით და ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG) მხრიდან გაზრდილი კონკურენციით.

როგორც საქსტატში აცხადებენ, გასათვალისწინებელია აგრეთვე ის, რომ ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების იმპორტის ზრდა, განაპირობებს ავტოტრანსპორტის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებასაც.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 355.9 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 9.3 პროცენტით მეტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 36.4 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (30.0 პროცენტი) და ელექტროენერგია (22.6 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 5.3 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 5.7 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.

ამასთან, გასული წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის დარგი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 30.9 პროცენტი. 28.3 პროცენტი მოდის შინამეურნეობებზე, 19.3 პროცენტი – მრეწველობის დარგზე, 5.3 პროცენტი – მშენებლობაზე, 0,6 პროცენტი – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგზე, ხოლო დარჩენილი 15.6 პროცენტი – კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.