„საქპატენტი“ - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „საქპატენტის“ საქმიანობას დადებითად აფასებს
„საქპატენტი“ - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „საქპატენტის“ საქმიანობას დადებითად აფასებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი -„საქპატენტი“ უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივ დაცვას საქართველოში. ამის შესახებ აღნიშნულია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ „საქპატენტთან“ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით ერთობლივად მუშაობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დადებითად არის შეფასებული „საქპატენტის“ როლი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში უმჯობესდება მდგომარეობა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის აღსრულების კუთხით. რაც შეეხება არსებულ გამოწვევებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების მთავრობის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) გააგრძელებს „საქპატენტისა“ და სხვა შესაბამისი სამთავრობო უწყებების მხარდაჭერას არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადასაწყვეტად“, – აღნიშნულია „საქპატენტის“ ინფორმაციაში.