საქართველოს საგარეო უწყება - საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს
საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება, ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე, ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს, -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არის აღნიშნული.
„საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას.
დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.