15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები გორში შეხვდება უზბეკეთს, რომელიც დიდი პრობლემებით გვესტუმრა. სრეჩკო კატანეცის გუნდი თბილისშია და „ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშა.
უზბეკეთის ეროვნული ნაკრები დიდი დანაკლისით ემზადება და იძულებით რამდენიმე ცვლილება განახორციელა. სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე, მცველი, რუსტამ აშურმატოვი გუნდს სავიზო პრობლემების გამო ვერ შეურთდა. შედეგად, კატანეცმა ის მარლენ ჩობანოვით („პახტაკორი“) შეცვალა.
ასევე, შემადგენლობაში იყო ბელარუსული „ბატეს“ მოთამაშე შაჰბოზ უმაროვი, რომელიც კატანეცმა პირველად მიიწვია. თუმცა, ეროვნული ნაკრების პირველ ვარჯიშის შემდეგ სლოვენიელმა სპეციალისტმა მედიას განუცხადა, რომ უმაროვი საწვრთნელ ბანაკზე კოროვირუსული ინფექციის გამო ვერ გამოცხადდა – სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, უმაროვის ნაცვლად, „კიზილკუმიდან“ ისლამ კენჟაბაევი მიიწვიეს.
დოსტონ ტურსუნოვი, რომელიც იცავდა ჩინეთის „ჩუნცინ ლიფანის“ ღირსებას იცავს, ტრავმირებულია და სამწვრთნელო შტაბმა „ალმალიქიდან“ აბას ოტახონოვის მოწვევა გადაწყვიტა. საქართველოსთან ამხანაგურ მატჩს ტრავმის გამო ხოჟიაკბარ ალიჟონოვი გამოტოვებს.
შემდეგი დანაკლისი უზბეკების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, „შერიფის“ თავდამსხმელი იასურ იახშიბაევია – თავდამსხმელი, რომელმაც მადრიდის „რეალს“ გაუტანა. მადრიდში გამართული თამაშის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ მას რეაბილიტაცია დიდი ხნის განმავლობაში მოუწია. საბოლოოდ იახშიბაევმა ტრავმა მოირჩინა და ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მიიწვიეს. „შერიფის“ ფეხბურთელი ნაკრებში გამოცხადდა და ივარჯიშა, მაგრამ ერთი დღის შემდეგ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს.
საქართველო უზბეკეთს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).