ზედიზედ მესამე მოგების იმედად - საქართველო-უზბეკეთს პირველი არხი აჩვენებს [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სრეჩკო კატანეცის გაწვრთნილ უზბეკეთის ნაკრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნებს“ ორმატჩიანი მოგებათა სერია აქვს: ჯერ პრიშტინაში კოსოვოს მხარის ნაკრები დაამარცხა, ხოლო 11 ნოემბერს – შვედეთი.

 

ოთხი დაგვაკლდება, ორი დაგვემატება

ვილი სანიოლის მიერ ნოემბრის მატჩებში გამოძახებულ მოთამაშეთა სიას ტრავმის გამო დააკლდა ბელგიური „სერენის“ ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე და მის ნაცვლად, აზერბაიჯანული „ზირას“ 26 წლის თავდამსხმელი დავით ვოლკოვი მიიწვიეს, რომელმაც შვედეთთან მცირე დროში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გურამ გიორბელიძემ და ლაშა დვალმა ყვითელი ბარათების გამო შვედეთთან ვერ ითამაშეს, მაგრამ გუნდთან ერთად უზბეკეთთან ამხანაგური თამაშისთვის ემზადებოდნენ.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, უზბეკეთთან მატჩს ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური მიზეზით გუნდს ლუკა ლოჩოშვილი გამოაკლდა, ხოლო ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა – ოჯახური მდგომარეობის გამო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, სავარაუდოდ, შვედეთთან მატჩის შემდეგ დიდად არ შეიცვლება – ამის შესახებ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა განაცხადა.

 

უზბეკეთი იახშიბაევის გარეშე 

უზბეკეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე დიდი პრობლემები შეექმნა. გუნდს სამხრეთ კორეის ჩემპიონატიდან მცველი რუსტამ აშურმატოვი გამოაკლდა, რადგან დაბრუნებისას ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევდა და აზიელთა სლოვენიელმა მწვრთნელმა, სრეჩკო კატანეცმა მის პოზიციაზე „პახტაკორიდან“ მარლენ ჩობანოვი მიიწვია.

საქართველოსთან ამხანაგურ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებენ ხოჟიაკბარ ალიჟონოვი და დოსტონ ტურსუნოვი, რომელიც ჩინეთის „ჩუნცინ ლიფანში“ თამაშობს. ამ უკანასკნელის ნაცვლად, „ალმალიქიდან“ აბას ოტახონოვი დაიმატეს.

კატანეცმა პირველად მიიწვია ბელარუსული „ბატეს“ მოთამაშე შაჰბოზ უმაროვი, რომელიც მართლაც კარგი მოთამაშეა, მაგრამ მას კორონავირუსი დაუდასტურდა და იგი ისლამ კენჟაბაევმა („კიზილკუმი“) ჩაანაცვლა.

დიდი დანაკლისია ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის, „შერიფის“ თავდამსხმელ იასურ იახშიბაევის არყოფნა, რომელმაც მადრიდის „რეალს“ გაუტანა. იგი უზბეკეთს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.