საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია უახლოეს მომავალში ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შევა
საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია უახლოეს მომავალში ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შევა

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია უახლოეს მომავალში ამოქმედდება. 2021 წლის 10 თებერვალს თურქეთის პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა “საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის შესახებ ცვლილებების შეტანის ერთობლივი კომიტეტის No 1/2016 გადაწყვეტილებას, რითიც დიაგონალური კუმულაციის პროცესი ასამოქმედებლად დასრულების ფაზაში გადავიდა.

დიაგონალური კუმულაცია სრულად მას შემდგომ ამოქმედდება, რაც სათანადო ინფორმაციას საქართველოსა და თურქეთის შეტყობინების საფუძველზე ევროკომისია  ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებს.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე. სხვა სექტორებთან ერთად, აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ტექსტილის ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისათვის და ამ მიმართულებით ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის.

თურქეთიდან იმპორტირებული ნედლეულის მონაწილეობით, შემდგომში ევროკავშირში ექსპორტის მიზნით საქართველოში წარმოების განვითარების პოტენციალია ასევე შემდეგ სექტორებში: ავეჯის, სამშენებლო პროდუქციის, პლასტმასის ნაწარმის,  ფოლადის ნაწარმის და ქაღალდისა და მუყაოს წარმოება.

ზოგადად დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი, ასევე ის წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ დიაგონალური კუმულაცია არ გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს  შორის გაფორმებული საბაჟო კავშირი არ ფარავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენციის  (პემ-ის კონვენცია) წევრობა იძლევა წარმოშობის წესების  გლობალური გამოყენების საშუალებას. კერძოდ, წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ერთმანეთთან აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, აღნიშნული კონვენციის საფუძველზე მრავალმხრივ ფორმატში შეუძლიათ ისარგებლონ დიაგონალური კუმულაციის მეთოდით (სქემით). საქართველო 2017 წლიდან არის ამ კონვენციის წევრი. აღსანიშნავია, რომ კონვენციაში წევრობის შესაძლებლობა ჩვენ მოგვცა ევროკავშირთან გაფორმებულმა ასოცირების შეთანხმებამ.

2017 წელს საქართველოს, თურქეთსა და  ევროკავშირს შორის, დიაგონალური კუმულაციის მეთოდის (სქემის) ამოქმედებასთან დაკავშირებით, თურქულ მხარესთან შეთანხმდა და ხელი მოეწერა “საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის შესახებ ცვლილებების შეტანის ერთობლივი კომიტეტის No 1/2016 გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებაში პემ-ის კონვენციის შესაბამისად, აისახა დებულება მხარეთა შორის დიაგონალური კუმულაციის გამოყენების თაობაზე. 2017 წლის  ივნისში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება. ასევე, შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი DCFTA-ში. დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებისთვის საჭირო იყო თურქეთის მხრიდან ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების რატიფიცირება, რაც განახორციელა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი