საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება
სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლიან შეთანხმებას სოფლის მეურნეობის მინისტრმა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი სხვადასხვა სახის საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პროგრამების განხორციელებას და ფერმერების, კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გრანტებს ითვალისწინებს.
პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და სოფლისა და მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მესამე ეტაპის ფარგლებში ხორციელდება.
„პირველი და მეორე ფაზების ფარგლებში, FAO-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმუშავა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მესამე ფაზის ფარგლებშიც გაგრძელდება. ახალი პროექტით FAO საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ ფერმერებს და მწარმოებლებს უფრო ინტესიურად გაუზიარებს, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი წვდომა კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე“, – განაცხადა ჟურნალისტებთან FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ.
ხელმოწერის ცერემონიალს, ევროკავშირის დელეგაციის ატაშე, პროგრამის მენეჯერი კრისტინა კასელა დაესწრო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
„2013 წელს ENPARD-ის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირი საქართველოს ძლიერ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას უწევს. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ახალი საწარმოო მოდელები და სტიმული მიეცა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე სერვისების განვითარებას. ჩვენი ინფორმაციით ENPARD-ის პროგრამით საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა ისარგებლა. პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში, რომელსაც ხელი დღეს მოეწერა, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მთავრობის მხარდაჭერას“, – განაცხადა კრისტინა კასელამ.