საქართველოში სკი კროსისა და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა #1TVSPORT
საქართველომ ცოტა ხნის წინ სკი კროსისა და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა. ღონისძიება ბაკურიანში წარმატებით ჩატარდა, მომავალი წლის მსოფლიო ეტაპებისთვის მზადება კი უკვე დაწყებულია. საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის, როგორც მსოფლიო დონის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ასევე ადგილობრივი შეჯიბრებისა და ვარჯიშების ჩატარებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბაკურიანში 2021 წლის სკი კროსის საშეჯიბრო ტრასაზე ქართველი სპორტსმენები უკვე რამდენიმე კვირაა ვარჯიშობენ, გუდაურში კი 2021 წლის ფრისქის და სნოუბორდის ჩემპიონატი სულ მალე დაიწყება.
გუდაური 3, 4 და 11 აპრილს ფრისტაილის სამი სახეობის შეჯიბრს უმასპინძლებს, სადაც ქართველი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. 3 აპრილს თოვლის პარკში სლოუფ სთაილის, ხოლო 4 აპრილს ბიგ ეარის შეჯიბრები გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მოთხილამურეები, ისევე როგორც სნოუბორდერები. საშეჯიბრო ტრასის მზადება დასასრულს უახლოვდება, შესაბამისად, შეჯიბრის მონაწილეები 1 აპრილიდან შეძლებენ ღონისძიებისთვის მომზადებას და ვარჯიშის დაწყებას.
11 აპრილს კი ჩვენთვის უკვე ცნობილი კროსის შეჯიბრი შედგება, რომელიც ასევე ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. შეჯიბრი თხილამურისა და სნოუბორდ კროსის მოყვარულებს უმასპინძლებს, მათ შორის კი თითო შეჯიბრზე სამი საუკეთესო ბიჭი და სამი საუკეთესო გოგო გამოვლინდება. შეჯიბრის დასრულების შემდეგ კი დაჯილდოება White Rabbits Parks-ში გაიმართება.
გარდა სანახაობრივი შეჯიბრებისა, ამ დღეების განმავლობაში თოვლის პარკში უკვე ყველასთვის ცნობილი „თოვლის საერთაშორისო დღეც“ გაიმართება. საქართველო უკვე მეათე წელია, უერთდება მსოფლიოს სხვა ზამთრის კურორტებს და მათთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს. „თოვლის დღე“ როგორც ყოველთვის დატვირთული იქნება მოზარდებისთვის განკუთვნილი სახალისო შეჯიბრებითა და აქტივობებით.