საქართველოში შვეიცარიის პრეზიდენტი ჩამოვიდა
საქართველოში შვეიცარიის პრეზიდენტი ჩამოვიდა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის პრეზიდენტი ესტუმრა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დორის ლოიტჰარდის მიღების ოფიციალური ცერემონია იმართება.

ლოიტჰარდის საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები და საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდნენ. შვეიცარიის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ხვალ გამართავს.

მას თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმასპინძლებს, სადაც უცხოელ კოლეგას გიორგი მარგველაშვილი არამხოლოდ პირისპირ, არამედ გაფართოებულ ფორმატშიც შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

შვეიცარიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.

„ვიზიტი თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოსა და შვეიცარიას განსაკუთრებული პარტნიორობა აკავშირებს. შვეიცარიას განსაკუთრებული როლი აკისრია საქართველოსა და რუსეთის თემატიკაში, აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იქნება ოკუპაცია და ის პრობლემები, რასაც რუსეთის ფედერაცია უქმნის საქარველოს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს.

გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობაში ეკონომიკური კომპონენტი, შვეიცარიის დახმარება, რომელიც გამოიხატება როგორც კონკრეტული პროექტების განხორციელებაში, ასევე მნიშვნელოვანია თავად ქვეყნის განვითარების ის გამოცდილება, რომელიც შვეიცარიას აქვს“,- განაცხადა ფხალაძემ.

შვეიცარიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.