საქართველოში შესაძლოა, „შტადლერის“ სარკინიგზო ტრანსპორტის დამამზადებელი ქარხანა აშენდეს
საქართველოში შესაძლოა, „შტადლერის“ სარკინიგზო ტრანსპორტის დამამზადებელი ქარხანა აშენდეს

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორ მამუკა კობახიძესთან ერთად, მატარებლების მწარმოებელ შვეიცარიულ კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „შტალდერის“ წარმოების განხორციელების დეტალებსა და მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„რამდენიმე თვის წინ, თბილისის მერიამ კომპანია „შტადლერთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში „შტადლერის“ წარმოების განხორციელება განიხილება. ეს არის კომპანია, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტს აწარმოებს. დღეს კომპანიის ხელმძღვანელებთან და დამფუძნებლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის შემდეგი დეტალები განვიხილეთ. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერიასა და „შტალდერს“ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება მოხერხდება, წლის ბოლოს, შესაძლებელია, თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდეს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დამამზადებელი ქარხანა აშენდება, რომლის მფლობელი და განმახორციელებელიც, შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ იქნება“, – განაცხადა  ირაკლი ხმალაძემ.

შტადლერი“ სარკინიგზო ტრანსპორტის წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ის როგორც რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს,  ასევე, მეტროსა და ტრამვაის შემადგენლობებს აწარმოებს. „შტადლერს“ მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოები აქვს. საქართველოში წარმოების დაწყების შემთხვევაში,  მისი პროდუქცია, როგორც ლოკალური, ასევე, რეგიონული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

დატოვე კომენტარი