საქართველოში შეკერილი პირბადეები უფასოდ გადაეცემათ მარტოხელა პენსიონერებსა და მომატებული რისკის მქონე პროფესიების წარმომადგენლებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოში შეკერილი სამედიცინო პირბადეები უფასოდ გადაეცემათ მარტოხელა პენსიონერებსა და მომატებული რისკის მქონე პროფესიების წარმომადგენლებს.
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება აღნიშნული წარმოების ტემპის გაზრდისთვის.
„ჩვენ უმოკლეს დროში მოვახერხეთ და წამოვიწყეთ ეს წარმოება, რომელიც ადრე არ გაგვაჩნდა. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პირბადეების წარმოების ტემპი მაქსიმალურად გავზარდოთ. პირბადეებზე მოთხოვნა და მწვავე დეფიციტი წარმოიშვა მთელს მსოფლიოში. შესაბამისად, გარკვეული პრობლემები ახლავს პირბადეებისთვის საჭირო მასალების შემოტანას. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა აღმოვფხვრათ და პირბადეები ხელმისწავდომი იყოს საზოგადოების ფართე ფენისთვის.
თუმცა, საწყის ეტაპზე გვიწევს პრიორიტეტიზაცია და საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ჩვენ დავსახეთ ის პრიორიტეტები, რომლის მოხედვით მოხდება პირველ ეტაპზე წარმოებული პარტიის გადანაწილება. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პრიორიტეტია 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა პენსიონერები ან 70 წელს გადაცილებული პენსიონერები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. პირველ რიგში, მათ უფასოდ დავურიგებთ პირბადეების პირველ პარტიას. გარდა ამისა, არის ისეთი კატეგორიები, ეს არის პოლიცია, ეს არის მებაჟეები და სხვა კატეგორიისა და პროფესიის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად აქვს შეხება რისკის კატეგორიებთან. რაც შეეხება კერძო სექტორს, აქ პრიორიტეტულ ნუსხაში გამოვყავით ჩვენი საამაყო ადამიანები, ვინც დღეს მუშაობენ სასურსათო ქსელებში – კონსულტანტები, მოლარეები და მათზეც, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ჩვენ პირბადეებს დავარიგებთ. შემდეგ, როდესაც ჩვენ უკვე ავაწყობთ უფრო მასობრივ წარმოებას, ეს გახდება უფრო მეტად ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.