საქართველოში შეიქმნება მეცნიერების მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს
საქართველოში შეიქმნება მეცნიერების მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს

საქართველოში შეიქმნება მეცნიერების მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძეც ესწრებიან.

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი კვესიტაძის თქმით, სასურველია, უფრო მეცნიერული დონე მიეცეს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

„გამოჩენილ ქართველ ექიმებს ვხვდებით, გვინდა უფრო სერიოზული, საფუძვლიანი, ფუნდამენტური მიდგომა იყოს. გვინდა შევქმნათ აკადემიის ექიმებით გაერთიანებული მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე. გვინდა, უფრო მეცნიერული დონე მიეცეს ამ მიმართულებას. ეს შესაძლებელია და გვყავს ამის შესაფერისი ექიმები“, – განაცხადა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, გიორგი კვესიტაძემ.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მეთოდებზე, რომლებიც აქამდე გამოუყენებიათ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მადლობა მეციერებათა აკადემიას, დღეს მოგვიწვიეს და მეცნიერული მხრიდან იქნება განხილვა ამ პროცესების, რაც მთლიანად მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში მიდის. ჩვენ მოვახსენეთ ამ ეტაპამდე რა განხორციელდა, მასალა უკვე საკმაოდ დაგროვდა, რისი სამეცნიერო ანალიზიც ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად, სადაც საკმოდ დიდია კვლევითი პოტენციალი, შეიძლება მისი გაანალიზება, რომ უფრო სერიოზულად შევხვდეთ, თუ ასეთი იქნა, კიდევ მეორე-მესამე ტალღას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.