საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.
არჩევნები 73 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანია გახსნილი.
საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა კი ჯამურად 57-ს შეადგენს.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 504 082 ამომრჩეველია, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 795 ამომრჩეველი, ჯამში სულ – 3 518 877 ამომრჩეველი.
საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს – 19 პოლიტიკური სუბიექტის, ექვსი საინიციატივო ჯგუფის მიერ არის დასახელებული. მიუხედავად იმისა, რომ ორმა კანდიდატმა, აკაკი ასათიანმა და ვახტანგ გაბუნიამ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს, მათი გადაწყვეტილება, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, უკვე დაგვიანებული იყო და საარჩევნო ბიულეტენში 25-ვე კანდიდატის სახელი და გვარია შესული.
1. მიხეილ ანთაძე – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
2. დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
4. ვახტანგ გაბუნია – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
5. გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
10. შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
13. ზვიად მეხატიშვილი – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“
17. გიორგი ლილუაშვილი – პარტია „საქართველო“
18. აკაკი ასათიანი – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“
21. კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველო“
22. ოთარ მეუნარგია – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
23. ირაკლი გორგაძე – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
25. დავით უსუფაშვილი – „თავისუფალი დემოკრატები“
27. ზვიად ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“
28. მიხეილ სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“
30. ზვიად იაშვილი – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ)
31. თამარ ცხორაგაული – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“
35. გელა ხუციშვილი – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“
36. ზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი“
40. ლევან ჩხეიძე – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
48. სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
49. ბესარიონ თედიაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
51. გიორგი ანდრიაძე – დამოუკიდებელი კანდიდატი
58. კახაბერ ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი კანდიდატი
62. ვლადიმერ ნონიკაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
65. თეიმურაზ შაშიაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხმების რაოდენობა.
თუ არჩევნების პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პირველი ტურის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის მოუწევს. არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისი განკარგულებით. არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.