საქართველოში საბადოს დახურვისა და რეგენერაციის თანამედროვე მეთოდოლოგია დაინერგება
საქართველოში საბადოს დახურვისა და რეგენერაციის თანამედროვე მეთოდოლოგია დაინერგება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  პროექტი – „საბადოთა დახურვა და ეკონომიკური რეგენერაცია“ დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია მიტოვებული ან დასახურად მომზადებული საბადოების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მოპოვება. შედეგად, ჩამოყალიბდება და დაინერგება საბადოთა დახურვისა და სამთო-მოპოვებითი ფართობის რეკულტივაციისა და რეგენერაციის სახელმძღვანელო ჩარჩო.

უწყება განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში მოხდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, სახელმწიფოს მხრიდან საბადოთა დახურვის სათანადო მოთხოვნების შემუშავებისა და ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით. ამასთან, კვლევის ფარგლებში განხორციელდება მიტოვებულ საბადოთა აღრიცხვა და რისკის შემცველ საკითხთა იდენტიფიცირება, ასევე  ინსტიტუციური და მარეგულირებელი ხარვეზების გამოვლენა, შემდგომში ზოგადი პრინციპებისა და სტანდარტების შემუშავების მიზნით.

პროექტის განსახორციელებლად შერჩეულ იქნა საერთაშორისო  საკონსულტაციო ჯგუფი SRK Consulting. კომპანიის წარმომადგენლები პირველი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში არსებული საბადოების საველე დათვალიერება იგეგმება.

ამასთანავე, მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილია სწავლება დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, ასევე კვლევის  წინასწარი შედეგების გაზიარება.